ჩვენც როგორც ველო მოყვარულებს არ გვაქვს უფლება არ გავიხსენოთ ჯუმბერ ლეჟავა და ვინც არ იცის გაგაცნოთ იგი თუ რას მოღვაწეობდა და რა წვლილი აქვს შეტანილი ველო სამყაროში.
ჯუმბერ ლეჟავა (დ. 23 ივლისი, 1939 — გ. 25 ივლისი 2014) — ქართველი სპორტსმენი, მოგზაური და რეკორდსმენი.
„ადამიანმა სიამოვნებით უნდა აკეთო ყველაფერი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია ნაყოფიერი გონებრივი და ფიზიკური შრომა და კვებაც კი. ნებისმიერ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი შრომის სიყვარული და ნებისყოფაა. სწავლაში ჩემზე ნიჭიერი ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ მე შემეძლო, მათზე სამჯერ დიდხანს ვმჯდარიყავი წიგნებთან და მესწავლა, ოღონდ ბოლომდე მესწავლა. მთავარია, მიზანი დაისახო და მერე ამ მიზნისთვის არაფერი დაიშურო… მოითმინო, იმუშაო და საწადელს აუცილებლად მიაღწევ.“- ეს ქართველი მოგზაურის, ჟუმბერ ლეჟავას დღიურებია. სხვათა შორის, ადამიანმა დედამიწას გარშემო პირველად დაახლოებით ხუთი საუკუნის წინ შემოუარა. იმ ექსპედიციას პორტუგალიელი მეზღვაური, ფერნანდო მაგელანი მეთაურობდა. მაშინ საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ჩვენს პლანეტას სფეროს ფორმა აქვს. დღეს დედამიწის გარშემო მოგზაურობა არავის უკვირს.
მაგრამ სულ სხვა საქმეა, თუ ამას მარტოდმარტო შეძლებ, თანაც ველოსიპედით! ჯუმბერ ლეჟავა მსოფლიოში ერთადერთია, ვინც მარტომ გადალახა ყველა უდაბნო, სავანა და ჯუნგლი. გადაცურა სამი ოკეანე, 150-მდე ზღვა, ყურე, სრუტე, 1 000-ზე მეტი მდინარე და ტბა. გადაიარა უამრავი უღელტეხილი. ღია ცის ქვეშ გაათია 1 200-ზე მეტი ღამე. გაუძლო უამინდობას, მხეცებისა თუ ადამიანების თავდასხმას და დედამიწას ველოსიპედით შემოუარა.
ამ მოგზაურობით დაამტკიცა: თუ ადამიანი მოინდომებს, მისი შესაძლებლობები ამოუწურავია. „სტრაბონი“, „მაგელანი“, „ვესპუჩი“, „კუნძულხტომია ველოსიპედისტი“, „მოგზაურობის მეფე“ – რა აღარ უწოდეს ქართველ მოგზაურს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. საპატიო წოდებაც გადასცეს – „მსოფლიოს მოქალაქე“. ჯუმბერ ლეჟავა მოგზაურებიდან პირველია, ვისაც ეს წოდება გადაეცა.
დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა. 1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.).
1993 წლის 13 აგვისტოდან 2002 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო:[1] 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია–ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.
გარდაიცვალა 2014 წლის 25 ივლისს.[2]
ჯილდოები
დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, მ. შ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის“ სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან — „მსოფლიო სპორტსმენის“ დიპლომი (1999).
წყარო: Wikipedia